ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე, გესმით, რა ხდება? ეს უბედურებაა, კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა მადრიდის სამიტის შესახებ და აღნიშნა, რომ სათანადოდ იქნება დაფასებული და შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
"რას ველით ნატო-ს მადრიდის სამიტიდან. პირველი, რაც უნდა ითქვას, ველით, რომ სათანადოდ იქნება დაფასებული და შეფასებული ჩვენი პროგრესი, ბოლო ერთ წელიწადში მიღწეული პროგრესი. ასევე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა ალიანსთან, წარდგენილი გვაქვს ჩვენი ხედვა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი მინისტრობის დროს ერთად შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების გეგმა, 2020-2030, თუ როგორი უნდა იყოს თავდაცვის ძალები, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი, თავდაცვისუნარიანობა, როგორ გავხადოთ უფრო მეტად ოპერირებადი და მეტად თავსებადი ნატოს ძალებთან. ამ ყველაფრის შეფასების მოლოდინი გვაქვს.
თქვენ ხედავთ, რომ ძალიან რთული სიტუაციაა მეგობრებო. უკრაინაში ომის გაჩერების არავითარი ნიშანი ჯერ არ ჩანს სამწუხაროდ. ეს არის უბედურება. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება. ინგრევა ინფრასტრუქტურა და მილიარდობით ზარალი აქვს მიყენებული უკრაინას. 20 პროცენტი არის დაკარგული უკვე უკრაინის ტერიტორიის. ეს საშინელებაა. ამ დროს ეს ადამიანები გვიკიჟინებდნენ, რომ სანქციებს შეუერთდით, გააგზავნეთ ჩარტერები და პროვოცირება უნდოდათ რუსეთის, რომ აქ მეორე მარიუპოლი მიეღო ხალხს. ესენი მელაპარაკებიან დღეს ევროპულ პერსპექტივაზე. ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. გესმით, რა ხდება? ეს უბედურებაა. კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა.
სად არის ბატონი მინაშვილი, რომ ახტა აქ და არტისტულად რომ იქცეოდა? მეგის ქარდავას და დათა ახალაიას ძმაკაცი, ყველამ იცოდეთ, აკუნა, აკო მინაშვილი. მელაპარაკებით ეს ადამიანები, ევროკავშირის დროშას ამოფარებული კრიმინალები, სააკაშვილი და მისი ეს ბანდა. რა პერსპექტივა უნდა მოუტანოს აკო მინაშვილმა, ან ხატია დეკანოიძემ, თქვენ რა უნდა მოუტანოთ. ერთი ფაქტი დამისახელეთ, ერთი ფაქტი, ხელშესახები, რაც მოუტანეთ ქვეყანას. შევარდნაძის დროს ევროპის საბჭოს წევრი გავხდით, ნატოში შეიტანა განაცხადი. ივანიშვილის მთავრობამ, „ქართულმა ოცნებამ“ მოტანა ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, თქვენ უვიზო რეჟიმი რომ გაგეკეთებინათ, გადადგამდით ქვეყანას. პირველად, მთელი ამ 30 წლიანი ისტორიის მანძილზე გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, ევროპული პერსპექტივა, ისტორიული ჩანაწერი. ეს არის მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ მომავალ თაობას ვუტოვებთ და რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ვემუშავებით ბრიუსელს, გავაკეთებთ, რაც გასაკეთებელია და ქვეყანას კიდევ უფრო წინ წავიყვანთ," - განაცხადა პრემიერმა.