დღეს თავი შევირცხვინეთ ევროპელებთან, რუსები ალბათ ყველაზე ბედნიერები იყვნენ, ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური კულტურა ფსკერზეა, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება ასი ათასი თავით სჯობს მთელ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს.
"ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ყოველი წამი, წუთი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოგვეყენებინა, რათა გვეჩვენებინა, რომ გვესმის ჩვენი ევროპელი მეგობრების, მათი შენიშვნის, მითითების, რომელიც ისევ ჩვენთვის არის კარგი. თითოეული ჩვენგანის ნაბიჯი და ძალისხმევა აქეთ უნდა ყოფილიყო მიმართული, უნდა დაგვერწმუნებინა, რომ დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ იმას, ვიყოთ ევროპის ნაწილი. რა გავაკეთეთ დღეს. დღეს კიდევ ერთხელ შარლ მიშელისთვის მისი შეთანხმების თავზე გადახევისა არ იყოს, შევასხით ცივი წყალი უბრალოდ და ვაჩვენეთ, რომ არა, არ გვესმის, რას გვეუბნებიან, საერთოდ არ გვესმის და გვირჩევნია, ჩვენი წინაპრები რასაც შეეწირნენ, რომ ვყოფილიყავით დიდი ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ამას ვეუბნებით უარს და ვეუბნებით, რომ გვირჩევნია, ერთმანეთი ვლანძღოთ, ვთათხოთ, ზიზღი ვაფრქვიოთ ერთმანეთის მიმართ. რუსები ალბათ ყველაზე ბედნიერები იყვნენ, ლავროვი, პუტინი, მარია ზახაროვა და სხვები, რომ ზუსტად ის ხალხია, არანაირი დასკვნის გამოტანა ამ ხალხს არ შეუძლია, მარტო ერთმანეთის საჯიჯგნად არიან მაგრები.
დღეს განმიმტკიცდა აზრი, რომელიც მაქვს სულ, რომ ქართული საზოგადოება ასი ათასი თავით გვჯობია ყველას ერთად მთელ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს. საზოგადოებას ზუსტად ესმის, რას ეუბნებიან ევროპიდან და რომ მზად არის, პოლარიზაცია დაასრულოს. დაასრულა კიდეც 20 ივნისს. ათასნაირი ხალხი იყო იქ. ყველა იდგა გვერდიგვერდ. ერთი შელაპარაკება არ მომხდარა და ყველა იყო ერთი იდეით,სულისკვეთებით ანთებული. ყველა გრძნობდა, რომ ძალიან ახლოს ვართ, რომ გავხდეთ იმ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოთა გაერთიანების წევრი, ევროკავშირის წევრი. ხალხმა უთხრა კიდეც, მზად ვართ, ერთმანეთში არსებული სიძულვილი დავივიწყოთ და ჩვენ რა ვუთხარით დღეს აქედან, რომ არა. ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური კულტურა არის ფსკერზე. ორი დღე დარჩა და საქართველოს არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა გვითხრან და ამას ვაზიანებთ ზუსტად. ჩვენი წინაპრების ნაოცნებარს ვყრით წყალში, მათ დაღვრილ სისხლს ვყრით წყალში, რომ მართლა ქრისტიანული სამყაროს განაპირა მცველები ვიყავით", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.