27 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალის წინააღმდეგ, რაც გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა - არჩილ თალაკვაძე

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გუშინ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ არ მიეცათ. "ქართული ოცნების“ წევრების თქმით, პრემიერ-მინისტრმა ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ის, რაც გუშინ ოპოზიციის მხრიდან განვითარდა, ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია იყო. 

"პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს, რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო არა პრემიერ-მინისტრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, არამედ ყოფილიყო ხმაურის და დაპირისპირების ფონი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და მისი ევროპული მომავალის წინააღმდეგ, რაც გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა.

თუმცა, პრემიერმა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, გასცა პასუხები ამ პროვოკაციას, გასცა პასუხები იმ ბინძურ ცილისწამებას და განცხადებებს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ სხდომაზე და საკუთარი ანგარიში ყველა სექტორის მიმართულებით წარუდგინა საზოგადოებას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გუშინ, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ქმედების განვითარებას ელოდნენ. 

"იყო საუბარი ყველა იმ პრიორიტეტულ თემებზე, რომელიც დღეს აქტუალურია ჩვენს რეალობაში. ეს არის ევროინტეგრაცია, რა გავაკეთეთ, რა მიღწევებია, რა გამოწვევებია. ამაზე იყო საუბარი. ჩვენ ბუნებრივია, ველოდით რადიკალური ოპოზიციისგან მსგავს ქმედებებს მზად ვიყავით და ჩვენ ვნახეთ, რომ ის ერთი საათიც, რომელიც პრემიერს ჰქონდა რომ სიმართლე ეთქვა პირდაპირ მათ შორის ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები