რამდენიმე ყოფილმა ელჩმა, ევროკომისიის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
"სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს მომავალში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან, ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია", - განაცხადეს დიპლომატებმა.
ქართველი კარიერული დიპლომატების შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მომდევნო 6 თვეში უნდა გადაიდგას და იმედი გამოთქვეს, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.