15 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას, თითქოს კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური პრივილეგიები დაკარგა - ირაკლი კობახიძე 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს სიცრუის მიზანმიმართულ გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა.

მმართველი გუნდის ლიდერის განმარტებით, როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირიდან მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას იდენტური პრინციპითა და მოცულობით იღებენ. კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის მომდევნო წლებში გათვალისწინებული დაფინანსებაც კანდიდატებისთვის განკუთვნილი დაფინანსების იდენტურია:

"საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას იმის შესახებ, რომ, თითქოს, კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა. აღნიშნული კამპანია მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. კერძოდ, როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირიდან მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას იდენტური პრინციპითა და მოცულობით იღებენ. მაგალითად, 2014-2020 წლებში 5 კანდიდატი ქვეყნის წლიურმა დაფინანსებამ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 34 ევრო შეადგინა, ხოლო იმავე წლებში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე გაცემული დაფინანსება 39 ევრო იყო. მომდევნო წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსებაც კანდიდატებისთვის განკუთვნილი დაფინანსების იდენტურია. მოვუწოდებთ ყველას, ნუ შექმნიან ყალბ მოლოდინებს და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიით, საზოგადოებაში ნეგატიური ემოციური ფონის ხელოვნურად შექმნას ნუ ეცდებიან,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები