პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის და პოლარიზაციის დასასრულებლად პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას ბრიფინგიდან მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია და დაპირისპირების შეცვლა კონსტრუქციული დიალოგით ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი და წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება. მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის ყველა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ქვეყნის საჭიროებებზე მაღლა არ უნდა დააყენოს.
როგორ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და რა უნდა გააკეთონ პარტიებმა მიზნის მისაღწევად, პოლიტიკურ ოპონენტებს კონკრეტული ხედვა პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა. შალვა პაპუაშვილის თქმით, დღის წესრიგის ცვლილება არის ის, რაც მხარეებს შორის დაძაბულობას განმუხტავს.
კონსტრუქციული დიალოგის შეთავაზების მიღმა ოპოზიციის ნაწილი მთავრობის მეთაურის და მმართველი ძალის პოლიტიკურ მიზანს ხედავს. ოპოზიცია დამოკიდებულებას არ ცვლის და ამბობენ, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებაა.
ევროკომისიის მთავარი რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის ოპოზიციის მზაობას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ევროპელი პარტნიორებისთვის პრიორიტეტული პირობის შესრულებას ოპოზიციის რიტორიკის ცვლილება სჭირდება.
პოლიტიკური ნების არარსებობაში ოპოზიციის ნაწილი "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა უნდობლობაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პოლარიზაციის დასრულებისკენ მოწოდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მმართველი პარტია კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგმას.
საქართველოს ევროკომისიის მიერ მომზადებული 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ 12-დან მხოლოდ 1-ში, დეპოლარიზაციის ნაწილშია საჭირო ოპოზიციის ჩართულობა.
საქართველოს ახლა 6 თვე აქვს იმისთვის, რომ ევროკომისიის პირობები შეასრულოს და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღებას პარტნიორები ხელახლა მიუბრუნდნენ.