15 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
თბილისში ახლად რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტები ფიქსირდება - მერია ვიდეომასალას ავრცელებს​

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ახლადრეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტები ფიქსირდება.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებული და მოპარულია მცენარეები.

"სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება ვანდალიზმთან დაკავშირებით. ეს არის ახლადრეაბილიტირებული პარკები, სკვერები, სადაც მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც, რა თქმა უნდა, საწყენია, იმიტომ რომ უმარავი თანხები იხარჯება ამ ყველაფერში. ეს კეთდება ყველაფერი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის და აზრი ეკარგება ყველაფერს თუ ჩვენ ამ სიახლეებს, რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, გამოიჩინონ გულისხმიერება. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს აკეთებენ არასრულწლოვნები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა.

არის შემთხვევები, როდესაც ხდება კონკრეტული ინფრასტრუქტურის დაზიანება და დიდები ამას გულგრილად უყურებენ. ეს არის ძალიან ცუდი, მეგობრებო! ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ როგორმე შევინარჩუნოთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს. ეს ხომ თქვენი ფულით კეთდება, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის კეთდება. მედიას მივაწვდით კადრებს ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით და ნახოს საზოგადოებამ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანებს ინფრასტრუქტურის და რეაბილიტირებული პარკების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ყველანი გავერთიანდებით და შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გავხადოთ," - განაცხადა კალაძემ. 

დღის ამბები