რამდენად კონსტიტუციური მოთხოვნაა ტექნიკური მთავრობის შექმნის ინიციატივა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს ეკუთვნით - ამ თემაზე დილიდან შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ მოთხოვნა ლეგიტიმურია, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს მოთხოვნა უპერსპექტივო და არადროულია.
ენმ-ს წევრის ნიკა ობოლაძის თქმით, როგორი იქნება ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა, ეს ფართო კონსენსუსის საგანია, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციის ფარგლებში ბერკეტები უნდა დათმოს.
"შემადგენლობა როგორი იქნება, ეს არის ფართო კომისიის გადასაწყვეტი, ამაზე ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული წუხილები. ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსესუსით და მთავარი კრიტერიუმით. ეროვნული თანხმობის მთავრობა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა და შესაბამისად, კონსტიტუციის ჩარჩოებში ჯდება ყველაფერი აბსოლუტურად. უბრალოდ, ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ მოსახლეობის 90%-ს თუ უნდა ევროკავშირში შესვლა, თუ გამოვიდა 100 ათასზე მეტი ადამიანი 20 ივნისს და 24 ივნისსაც იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ამ ზეწოლამ უნდა მოიტანოს შედეგი და "ქართულმა ოცნებამ" ბერკეტები უნდა დათმოს კონსტიტუციის ფარგლებში," - აცხადებს ნიკა ობოლაძე.
პროცესებში არაკონსტიტუციურობას ვერ ხედავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, მთავრობაში აქტიური ჯგუფი უნდა იყოს წარმოდგენილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე, საბა ბუაძე კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ეროვნული თანხმობის მთავრობა კომპეტენციით იყოს დაკომპლექტებული.
"მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენციით იყოს დაკომპლექტებული ეს ეროვნული თანხმობის მთავრობა. ახლა რაიმე კანდიდატურაზე საუბარი არის უკიდურესად არასერიოზული. ჩვენი შეთავაზება არის, რომ სწორედ ეს ეროვნული თანხმობის მთავრობა პარლამენტმა დაამტკიცოს, ოღონდ მაღალი ლეგიტიმაციით და მაღალი ზღვარი შემოვიდეს, ვიდრე უბრალო უმრავლესობა, რომ პოლიტიკური კონსესუსის ელემენტები შემოვიტანოთ და ეს როგორ არის არაკონსტიტუციური ჩემთვის გაუგებარია," - აცხადებს საბა ბუაძე.