"ლელო" "ქართულ ოცნებას" თავდასხმაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. საუბარია ყვარელში მომხდარ ინციდენტზე. "ლელოში" ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ბადრი ჯაფარიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
"დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან. დაგვხვდა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელიც ცდილობდა, რომ ეს შეხვედრა არ შემდგარიყო. ყველანი არიან იდენტიფიცირებული. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და "ქართული ოცნების" შტაბის აქტიური წევრები," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში.
"ის, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს რეგიონებში ხვდება ხალხის პროტესტი, ეს არის ბუნებრივი გამოძახილი იმისა, რომ საქართველოს საზოგადოებას უნდა მშვიდობა და ევროინტეგრაცია, მაგრამ არ უნდა რადიკალიზმი და აქციები. საზოგადოებას არ უნდა არც ომში ჩართვა, არც დესტრუქცია, რომლისკენაც მას რადიკალური ოპოზიცია მოუწოდებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.