15 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
როცა ამბობ რომ რაღაცას შეჰნატრი, ხალხს ქუჩაში სიარულით არ უნდა ღლიდე - ოპოზიცია "სირცხვილიას" მიერ უკრაინა-სერბეთთან გავლებულ პარალელებზე

"სირცხვილიას" ორგანიზატორების მიერ უკრაინასთან და სერბეთთან გავლებულ მაგალითებს ეხმაურებიან ოპოზიციაში და ამბობენ, რომ აქციის ორგანიზატორები აქციაზე მყოფი ადამიანების აზრის გამომხატველები რომ ყოფილიყვნენ, ხალხი ასე სწრაფად არ დაიშლებოდა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, "როცა ამბობ, რომ თურმე რაღაც გინდა, მაშინ იმისგან რადიკალურად განსხვავებულად არ უნდა იქცეოდე და ხალხს ქუჩაში სიარულით არ უნდა ღლიდე."

"თუ აჟღერებ, შესაბამისადაც უნდა იქცეოდე, ზუსტად ისე უნდა იქცეოდე, როგორც უკრაინელი პატრიოტები იქცეოდნენ მაიდანის დროს, - მასე ხომ არ იქცევიან. შესაბამისად, რა გაამეორებს, ანუ შენ იქცევი სხვანაირად, შენ იმავეს არ აკეთებ, როცა ამბობ რომ რაღაცას შეჰნატრი, რომ თურმე ეს გინდა, მაშინ იმისგან რადიკალურად განსხვავებულად ხომ არ უნდა იქცეოდე და ხალხს ქუჩაში სიარულით ხომ არ უნდა ღლიდე?! თუ მიზანი გაქვს საპროტესტო მუხტის დაგდების და ხალხის დაშლის, ასეთი რაღაცები უნდა აკეთო და წარმატებით აკეთებდნენ, ჩემი აზრით," - აცხადებს ხვიჩია.

"მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები არ გამოხატავდნენ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას.

"არ მგონია რომ აქციის ორგანიზატორები გამოხატავდნენ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას და აზრს. ეს რომ ასე ყოფილიყო, აქცია ასე უცბად არ დაიშლებოდა, მე ვფიქრობ რომ ეს აცდენილი იყო ერთმანეთს, ამიტომ მათ განცხადებებზე კომენტარს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს," - თქვა იოსელიანმა.

დღის ამბები