5 ივლისიდან ერთი წელი გავიდა, ამ დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე გასული რადიკალური და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც ადგილზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მოძალადე ჯგუფები მათ სასტიკად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა ჟურნალისტები ადგილიდან პატრულის მანქანებით განარიდეს.
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიების ფონზე, 5 ივლისის საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმეზე არ არის დაკავებული არცერთი ორგანიზატორი. საიას თავმჯდომარე კონკრეტულ გვარებს ასახელებს, ვინ ედგა სათავეში გასული წლის 5 ივლისის მოვლენებს, რომლის ფონზეც ათეულობით ჟურნალისტი დაშავდა.
"ჩვენ ვერ ვხედავთ შედეგებს ორგანიზატორებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება ამ ქმედებების ორგანიზებისა, არსებობს მტკიცებულება, ლექსო ლაშქარავს და მირანდა ბაღათურიას საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ არიან დასახელებული ის ადამიანები თუ ვინ უწევდა ამ ყველაფერს ორგანიზებას, ამის მიუხედავად საგამოძიებო ორგანოებს არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ სისხლის სამართლებლივი დევნა დაეწყოთ ამ პირებზე: ზურა მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები, რომლებიც საჯაროდ აორგანიზებდნენ ამ ძალადობრივ ფაქტებს, მათთან მიმართებით დაიწყოს გამოძიება და ისინი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში,"- აცხადებს სიმონიშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისის საქმეზე ათეულობით ადამიანია დაკავებული.
"5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ათეულობით საქმეა აღძრული და ათეულობით ადამიანია დაკავებული. თქვენ თუ გაქვთ რაიმე კითხვები, შეგიძლიათ მოიძიოთ დეტალები და მოიტანოთ განსახილველად და ის მიდგომა, რატომ არ არის 100 ადამიანი დაკავებული 20-ის მაგივრად, არასწორია," - აცხადებს მაჭარაშვილი.