"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ქართულ ჯართან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ "უმაღლესი მთავარსარდალი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც განაწყობს ჯარს, ჯარიც ისე მოიქცევა", უკვე მოჰყვა გამოხმაურება მმართველ გუნდში.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, ისე, როგორც არასდროს, დღეს ქართული ჯარი ნატოს სტანდარტების შესაბამისია და მათ სულისკვეთებას ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შებღალავს.
"ისე, როგორც არასდროს დღეს ქართული ჯარი არის თავისი შესაძლებლობებით, თავისი სტანდარტებით მიახლოებული ნატოს სტანდარტებს, მაღალი ბრძოლისუნარიანობით. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი არის საამაყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი შეფასება და დამოკიდებულება აჩვენებს სწორედ ამ პოლიტიკოსის და მისი პოლიტიკური ძალის მორალურ დაშვებას და მორალური დაცემის ხარისხს. ეს სიტყვები, პირველ რიგში, არის მათი თვითლუსტრაცია და ეს ვერ დააგდებს ჩვენი ჯარის ბრძოლისუნარიანობას,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.