15 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
სუს-ის საიდუმლო ინფორმაციით ვაჭრობა - რა ინფორმაცია მოიპოვა "კურიერმა" სოსო გოგაშვილის უკრაინაში გამართულ შეხვედრებზე

ვაჭრობდა თუ არა საიდუმლო ინფორმაციით სოსო გოგაშვილი. "კურიერის" ინფორმაციით, სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს 2020 წლის ბოლოს, კიევში, გია ლორთქიფანიძესთან საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა.

წყარო "კურიერს" იმასაც უყვება, რომ საქართველოში ძებნილს და უკრაინაში სპეცსამსახურის ჩინოვნიკს, გოგაშვილმა გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ სიღნაღში მდებარე სასტუმრო "ხირსას" გადაფორმება მოსთხოვა. გარიგება სავარაუდოდ შედგა, რადგან დღეს "კურიერთან" დაკავებული სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილმა დაადასტურა, რომ სასტუმრო "ხირსა" მათი ოჯახის საკუთრებაშია. იგივე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითაც, სასტუმრო, სოსო გოგაშვილის უფროსი ვაჟის სახელზე, დოკუმენტის თანახმად 2021 წლის 26 იანვარს გადაფორმდა.

კითხვაზე, შედგა თუ არა უკრაინაში გია ლორთქიფანიძესთან საიდუმლო სერობა, ნიკა გოგაშვილმა დღეს უპასუხოდ დატოვა. სასტუმრო "ხირსა" კი, რომელიც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის საკუთრებაში გადავიდა, მანამდე დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორის ბექა პაატაშვილის სახელზე იყო გაფორმებული.

სოსო გოგაშვილის აქტივებთან დაკავშირებით კითხვები დღეს პოლიტიკურ სპექტრშიც დაისვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოლიდური ქონება მას შემდეგ დააგროვა, რაც საიდუმლო მასალების გამოტანის საშუალება გაუჩნდა. იმას, რომ სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი შესაძლოა ფარული საიდუმლო მასალებით ვაჭრობდა, არც მმართველ გუნდში გამორიცხავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ გოგაშვილის საქმის ეს დეტალი, შესაძლებელია, ახალი გამოძიების თემა გახდეს.

დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო უწყება გოგაშვილის კიევში სავარაუდო ვიზიტის დეტალებით, უცნობია. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა ერთი საინტერესო დეტალიც, წყარო ყვება, რომ გოგაშვილის გადაცემული მასალებით კიევში მყოფი პირები უკმაყოფილოები დარჩნენ, რის გამოც მათ გოგაშვილთან უთანხმოებაც მოუვიდათ.​

​სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ დროისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

დღის ამბები