04 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
ანაზღაურება, დამატებითი პროფესია და ადგილი, სადაც ყველა თანასწორია - რას გულისხმობს ტერიტორიული რეზერვი

28 წლის ნათია შუბითიძე 3 ტყუპის დედაა. ის უკვე რამდენიმე თვეა ტერიტორიული რეზერვის წევრია. სწორედ ოჯახზე ზრუნვა და მისი დაცვა გახდა მოტივაცია, ტერიტორიულ რეზერვში გასაწევრიანებლად. კრწანისის სასწავლო ცენტრში, ნათია თვეში მხოლოდ 2 დღეს ატარებს.

ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, ასევე, ტოპოგრაფია, სამედიცინო და საინჟინრო კურსი, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა წელიწადში 36-დან 45 დღემდე გრძელდება და 48-თვიან კურსს მოიცავს. რეზერვისტებთან ფორმდება კონტრაქტი და ამ დროის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილი არიან სამედიცინო დაზღვევით, კვებით და ხელფასით.

ტერიტორიული რეზერვში ყველა თანასწორია. პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს, საჯარო და კერძო სამსახურის თანამშრომლებს.

ტერიტორიულ რეზერვში გაწევრიანება შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერ მსურველს - მაგალითად, სტუდენტებს 18-დან 22 წლამდე. კურსის დასრულების შემდეგ მათ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. ასევე, მეათე და მეოცე კადრირებული ბრიგადები ღიაა 52 წლამდე ქალებისთვის და მამაკაცებისთვის განურჩევლად იმისა, ჰქონიათ თუ არა შეხება სამხედრო საქმესთან. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სამხედრო კარიერის გაგრძელება.

ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთების მიღება წარმოებს თბილისში, თელავში, გორში, რუსთავში, სენაკში, ქუთაისში და ბათუმში. სპეციალური აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ონლაინ, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დღის ამბები