ოპოზიცია ევროპის 12 პუნქტთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს - სამი პარტია ახლა პარლამენტში მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მესამე სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან მსჯელობს.
"არის მოსაზრებები, რა შეიძლება ამ მხრივ გაკეთდეს - დაწყებული ნიკა გვარამიას გათავისუფლებით, შეწყალებით, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაა, ასევე 5 ივლისის მოვლენების გამოძიების ბოლომდე მიყვანა და პოლიტიზირებული საქმეების შეკერვის მცდელობებისთვის თავის დანებება,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა კი აცხადებს, რომ მთავარია დაიწყოს გამოძიება მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზე.