მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის, ეს ინფორმაცია სიმართლეს რომ შეესაბამება, ექსპრეზიდენტის ადვოკატებმაც დაადასტურეს. დღეს მათ მსჯავრდებული კლინიკაში კიდევ ერთხელ მოინახულეს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის.
ადვოკატების განცხადება გაუგებარია ყოფილი პრეზიდენტის თანაპარტიელებისთვის, მათი ნაწილი ადვოკატებს უნდობლობას უცხადებს.
"თვითმარქვია არ ვარ, რომ ასეთი სერიოზული პოლიტიკური განცხადებები ჩემი ნებით გამეკეთებინა. ბუნებრივია, არა თუ საუბარი, არამედ ფორმულირებაც იყო - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ახლა სასწორზეა მისი სიცოცხლე და ამიტომ, მთავარ ღირებულებად ცხადდება მისი გადარჩენა. აქედან გამომდინარე, ის ტოვებს ქართულ პოლიტიკას, ყველანაირ პოლიტიკას, ამ ეტაპზე.
პარტიის წევრებს აქვთ უფლება, დეპუტატები ვინც არიან, შევიდნენ და ნახონ [კლინიკაში] ბატონი სააკაშვილი. თუ სააკაშვილი ინებებს და მიიღებს მათ, გაარკვევენ და თუ არ მიიღებს, ეგ იმას ნიშნავს, რომ გარკვეულია ყველაფერი.
მე მესმის პარტიის, ამას რატომ შვება, პოლიტიკურად სწორია მათი მხრიდან, რომ ლიდერი როცა გამოეცლებათ, ელექტორატიც იკარგება,"- აცხადებს ადვოკატი.
"ნაცმოძრაობის" წევრების მიერ გამოთქმულ უნდობლობაზე საუბრობს საააკშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.
"რაც მითხრა თავის დროზე, ჩემ გარდა სხვა ადამიანებსაც უთხრა, ეს თემა გავაჟღერე და მეტი არ უთქვამს არაფერი. თუ იტყვის რამეს, კიდე გავაჟღერებ. არ უთქვამს სხვა არაფერი, რადგან ცუდად იყო, არც ჰქონდა საუბრის თავი.
ნაციონალური მოძრაობის" წევრები თუ უნდობლობას მიცხადებენ, ეს მათი საქმეა. საერთოდ, ამაზე ერთხელ გავაკეთებ განცხადებას და სხვა დროს აღარ გავიმეორებ - ჩემს განცხადებაში მაგ პარტიის წევრებზე და პარტიასთან დაკავშირებით 1 სიტყვაც კი არ თქმულა. რაც შეეხება თუ რაიმე აინტერესებთ ამ მიმართულებით, ეგ ჩემი საქმე არ არის, შეუძლიათ შევიდნენ ბატონ მიხეილთან, ნახონ მისი ოჯახის წევრები და დაელაპარაკონ ამ თემაზე,"- აცხადებს ხაჭაპურიძე.