საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ არ იღებს ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში.
პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი მუშაობს ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტებზე, რომელიც, მისი შეფასებით, ევროპის რეკომენდაციების შესაბამისი იქნება.
"ჩვენ, რა თქმა, უნდა ვაგრძელებთ მუშაობას 12-ვე მიმართულებით. როცა ოქტომბერში ვნახავთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ არცერთი რეკომენდაცია არ იქნება შესაბამისი ევროპული რეკომენდაციის, პროცესი იქნება ფარსი და დროის მოგება, ამ დროს ოპოზიციას ექნება ევროპის რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები. რისთვის? - იმისთვის, რომ როცა შეიცვლება ხელისუფლება, 6 თვეში ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და დრო არ დავკარგოთ ამ პაკეტებზე მუშაობაში," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით კი, გაუგებარია, თუ რატომ არ ერთვება ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.
"ევროკავშირის რეკომენდაცია იყო რომ დასხედით, ერთად იმუშავეთ ამ 12 პუნქტზე. არაა მე იმასთან არ დავჯდები, მაგრამ იმავე შენობაში დავიწყებ ალტერნატიული ჯგუფების შექმნას, ეს რა არის?! რას ნიშნავს - პარლამენტში მუშაობს, კომიტეტებში მუშაობ და კომისიაში არ მუშაობ? სახელი არ მოგწონს? ეს არის დამაზიანებელი და ამ რაღაცა სახლობანას, არასერიოზულ და უპასუხისმგებლო ძალისხმევას მოვეშვათ. არავის ჭკუას არ ვარიგებ, უბრალოდ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ ცოტა სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ ყველაფერს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.