15 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"არ ვქმნით ილუზიას, რომ სამუშაო ფორმატებში "ოცნება" დაწერს დეოლიგარქიზაციის, ან სასამართლო რეფორმების კანონს" - ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება

ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება. მთავარი თემა იმ რეკომენდაციების შესრულებაა, რომელიც საქართველომ სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. პარალელურად შეხვედრა აქვს დანიშნული ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში არ ერთვება. ეს პარტიები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს დაგეგმილ შეხვედრას სავარაუდოდ არც დღეს დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო". ამ სამი პოლიტიკური პარტიის ინიციატივით დღეს ისინი ხვდებიან არასამთავრობო სექტორს და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ისინი მსჯელობენ ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით, არჩევის წესთან მიმართებაში, რაც არის ევროკავშირის რეკომენდაციების ბოლო პუნქტი. ეს პარტიები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლებენ მხოლოდ საკომიტეტო და სასესიო ფორმატებში და ამბობენ რომ სამუშაო ჯგუფების მუშაობას არ აქვს აზრი. 

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მათ არ აქვთ ილუზია, რომ "ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფის ფორმატში დეოლიგარქიზაციის ან სასამართლო რეფორმების კანონს დაწერს.

"იყოს დამოკიდებული ომბუდსმენის არჩევა არა "ქართული ოცნების" კეთილ ნებაზე, არამედ საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას გარანტიები. ჩვენ არ ვქმნით ილუზიას იმისას, რომ სამუშაო ფორმატებში "ქართული ოცნება" დაწერს დეოლიგარქიზაციის კანონს ან სასამართლო რეფორმების კანონს. კომიტეტში როცა მოვა კანონპროექტი "ქართული ოცნების" და დახვდება ჩვენს მიერ რეკომენდაციების შესაბამისი კანონპროექტი, ეს იქნება ნათელი სიცხადე, რეალური, ვის უნდა ევროპაში ინტეგრაცია და ვის არა, აი ამისთვის არის ეს პროცესი," - აცხადებს მანჯგალაძე.

დღის ამბები