ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება. პარალელურად კი ოპოზიციის ნაწილი განაგრძობს სამუშაო ჯგუფების ფორმატის ბოიკოტირებას და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გეგმავს.
მმართველი გუნდის შეფასებით სამუშაო ჯგუფის და საკომიტეტო მოსმენების ფორმატების ერთმანეთისგან გამიჯნვა ალოგიკურია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ის, რომ ოპოზიციის ნაწილი პროცესში არ ერთვება, ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების პირველივე პუნქტს, ანუ დეპოლარიზაციას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის არ მიღება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დიდი შეცდომაა.
"ყველას კარგად მოეხსენება, რომ საპარლამენტო მუშაობა და ზოგადად მუშაობა ნიშნავს არამხოლოდ პლენარულ სხდომაზე, არამხოლოდ კომიტეტის სხდომაზე მუშაობას, არამედ არსებობს სხვა არაერთი ფორმატი, რითაც დეპუტატები სტანდარტულად არიან დაკავებული. მეტიც, ვთვლი რომ ეს არის თითოეული დეპუტატის მოვალეობა. ხელისუფლებამ შესთავაზა ყველა კარის გაღება, საიმისოდ, რომ ოპოზიცია სრული მასშტაბით ყოფილიყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რასაც ჰქვია მუშაობა. შერჩევით, რომელიმე კონკრეტულ ფორმებში მონაწილეობის მიღება და არ მიღება ოპოზიციის მხრიდან, არავითარ რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი მძიმე შეცდომა, რომელიც დაუშვეს," - აცხადებს სარჯველაძე.