15 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ჩვენი მიზანია, არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ფასადური ცვლილებებით მოატყუოს საზოგადოება - ოპოზიციის ნაწილი პაპუაშვილთან შეხვედრას არ ესწრება

12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ოპოზიციის შალვა პაპუაშვილთან მიმდინარე შეხვედრას ისევ არ ესწრებიან ის პარტიები, რომლებიც უმრავლესობასთან ერთად მუშაობაზე უარს ამბობენ. 

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა კერესელიძე ამბობს, რომ მათი მიზანია, არ მისცენ ხელისუფლებას საშუალება, კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება.

"ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა იმის, რომ ფასადური ცვლილებებით კიდევ ერთხელ მოატყუოს ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, პირველი და მნიშვნელოვანი რაც გახლავთ ეს არის დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა," - აცხადებს კერესელიძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" თავად უცხადებს ბოიკოტს ოფიციალურ პროცედურებს, როგორებიცაა პარლამენტის სესიები და საკომიტეტო მოსმენები.

""ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა ოფიციალურ პროცედურას სწორედ ამის გამო, რომ თაღლითურად მოახდინოს მანიპულაცია პროცედურებით. რას გამოუცხადა ბოიკოტი? - პარლამენტის სესიებს, საკომიტეტო მოსმენებს, თქვენ მსოფლიოში მითხარით ერთი მმართველი პარტია მაინც, რომელიც ბოიკოტს უცხადებს ოფიციალურ სესიებს და კომიტეტის სხდომებს, - ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, ასეთი არის მხოლოდ "ქართული ოცნება" მსოფლიოში. ეს არის რეალური ვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად, 12-ვე პუნქტზე ოპოზიციის შეჯერებული პოზიციები გექნებათ აბსოლუტურად ყველას," - თქვა ვაშაძემ.

დღის ამბები