15 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
როდესაც საქართველო ომში იყო 2008 წელს რუსეთთან, არ მახსოვს ვინმესთვის მიგვემართა, მოდი იქნებ თქვენც ომი წამოიწყეთო - დავით უსუფაშვილი დანილოვზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას ძალის გამოყენებით არ შეეცდება. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული განაცხადი მსოფლიოს წინაშე, აფხაზების და ოსების წინაშე. ჩვენ ძალის გამოყენებით არ შევეცდებით ამ პრობლემის გადაწყვეტას. ეს არის ძალიან სერიოზული თემა, ეს არის სახელმწიფოს სტრატეგიული განცხადება და ჩემი ღრმა რწმენით, ყველა ხელისუფლება იქნება ერთგული ამ პოზიციის. გასაგებია ომში მყოფი ადამიანების შეძახილი, მაგრამ როდესაც საქართველო ომში იყო რუსეთთან 2008 წელს, მე არ მახსოვს ვინმესთვის მიგვემართა, რომ მოდი იქნებ თქვენც ომი წამოიწყეთო," - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

"საქართველომ, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მათ უნდა მიბაძონ უკრაინას რუსეთის გასატეხად," - დანოლოვის ამ განცხადებას აფასებენ  ოპოზიციის სხვა წევრებიც. 

როგორც პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, საქართველოს ეროვნული ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება და მსგავსი ტიპის განცხადებები არც  კი უნდა იყოს განხილვის საგანი, ვინაიდან ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური შეფასებებია. 

დღის ამბები