ახალი მოძრაობა "ხალხის ძალა", ამ ეტაპისთვის, მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" წასულ, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოების დეპუტატებს აერთიანებს, თუმცა გეგმები უფრო მრავალფეროვანია. ახალშექმნილი მოძრაობის წევრები მეტ საჯაროობას გეგმავენ, აპირებენ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პოლიტიკურ საკითხებზე ღიად ისაუბრონ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. მათ მიზნებშია ასევე საქართველოს ომში ჩართვის საფრთხის შემცირება და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარება.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებლები არც იმას გამორიცხავენ, საკუთარი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნან. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული საზოგადოებისგან საჯაროობის უფრო მეტ მოთხოვნას დაინახავს.
ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ "ხალხის ძალა" მხოლოდ ანტიდასავლური განწყობების გაღრმავებას ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მოძრაობას პარტიად გარდაქმნის შემთხვევაში, პოლიტიკური მომავალი არ ექნება.
ყოფილი თანაგუნდელების ახალ პოლიტიკურ გზას, მმართველ პარტიაში მათ პირად არჩევანს უწოდებენ და მოძრაობის პოლიტიკურ პერსპექტივებზე წინასწარ არ საუბრობენ. ამბობენ, რომ ამას დრო აჩვენებს.
"ქართული ოცნების" რიგები თავდაპირველად დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა დატოვეს. მოგვიანებით მათ რამდენიმე რეგიონის საკრებულოს წევრიც შეურთდა. ყველაზე ბოლოს მმართველი პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება გურამ მაჭარაშვილმაც მიიღო.