"ლელოს" ინიციატივას რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი განცხადებით, ცალკეული პარტიების, თითქოს ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვის მოტივით შესაბამისი ინიციატივებით გამოსვლა არის ფასადური.
"ასეთი მცდელობები, თითქოს პატრიოტული მოტივით, თითქოს ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვის მოტივით არის ფასადი, ეს არის ფასადური. მე ამაში სერიოზულ ინტერესს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვას ვერ ვხედავ. ჩვენი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და თუ ვინმეს ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული ამაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდეს. შესაბამისი რეაგირება მოხდება ყველაფერზე და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა უსაფრთხო გარემო იყოს უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს",-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
"ლელოში" ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ბრიფიგნზე ითქვა, რომ ხუთჯერ არის გაზრდილი რუსების შემოსვლა წინა წლის ივნისთან შედარებით, გაზრდილია ბიზნესის რეგისტრირების მაჩვენებლებიც, ამას კი სათანადო რეაგირება სჭირდება.