"გირჩისა" და "მოქალაქეებისგან" შემოთავაზებულ სამ ნაბიჯს, სხვა პარტიები არ იზიარებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია, თუმცა პერსონალური მოწოდება პოლიტიკაში დაბრუნების ან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არასწორია.
"მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება 2 სხვა საკითხს, მე ამაში ვეთანხმები ჩემს კოლეგებს. არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წავიდეს. ეს არის მისი გადაწვეტილება, მისი ნება, მისი სტრატეგია და ამოცანები. ამიტომ, არ მიმაჩნია სწორად რომ ასეთ განცხადებაზე ხელი მოვაწერო, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის რეალურ დაბრუნებაზე პოლიტიკაში, როგორც ისინი ამას სახელს არქმევენ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
"მოთხოვნებში შავით-თეთრზე წერია პირდაპირ, რომ ოლიგარქების ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა შემცირდეს. ამ მოთხოვნის ფონზე, მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში რომელ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება?! ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობების მოთხოვნის თვალსაზრისით, ეს ნამდვილად არის არამხოლოდ არარელევანტური, არამედ დამაზიანებელი", - განაცხადა "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, "მოქალაქეები" და "გირჩი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. პარტიები ასახელებენ იმ სამ ძირითად ნაბიჯს, რომლის გადადგმაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციას უპასუხებს - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც საარჩევნო ბარიერის დაწევასაც გულისხმობს, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.