21 დეკემბერი 2024,   17:56
ვრცლად
გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი 5 ფესტივალი - ყანჩელის კომპოზიციებს ახალგაზრდა თაობის მუსიკოსები გააჟღერებენ

დამახასიათებელი პაუზები, ნელი ტემპი და სიჩუმე, რომელიც თავად ქმნის ჟღერადობას - ეს ყანჩელის მუსიკაა. ყანჩელის შემოქმედებითი მეგობრები, კომპოზიტორის დაბადების თარიღს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ. კომპოზიტორის უკვდავი შემოქმედება ახლა ბათუმში ჟღერს.

წელს გია ყანჩელის ხსოვნას, 5 საფესტივალო საღამო მიეძღვნება. დღეს კი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. ყანჩელის კომპოზიციებს ახალგაზრდა თაობის მუსიკოსები გააჟღერებენ. მსმენელს მის შემოქმედებასთან ერთად, უცხოურ კომპოზიციებსაც შესთავაზებენ და არტისტების საავტორო მუსიკასაც.

გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი, 7 აგვისტოს კვლავ იმავე ადგილას დაბრუნდება. პიანისტი სანდრო გეგეჭკორი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი, მსმენელს კამერულ მუსიკას შესთავაზებენ.

კამერული კონცერტის საღამო 9 აგვისტოს გაგრძელდება. ფესტივალი, რომელიც ხელოვანთა კავშირი "კონცეპტ-არტის" მიერ არის დაარსებული, უკრაინელ მევიოლინეს უმასპინძლებს. გრიგორი ამბარცუმიანი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელთან, პიანისტ ნინო ჟვანიასთან ერთად "ლე მერედიენის" დარბაზში დაუვიწყარ მუსიკას ააჟღერებს.

"სევდის ანგელოზები" - ასე ჰქვია ფილმს თანამედროვეობის დიდ კომპოზიტორზე, სადაც არაერთი საინტერესო ისტორია და უნიკალური საარქივო მასალაა გამოყენებული. დოკუმენტური ფილმი მაყურებელს უფრო ახლოს აცნობს გია ყანჩელს, როგორც კომპოზიტორსა და როგორც ადამიანს. 10 აგვისტო, ლეგენდარული მაესტროს დაბადების დღეა. ფესტივალის ფარგლებში, სწორედ ამ დღეს, კინოთეატრი აპოლო გია ყანჩელის დოკუმენტურ ფილმს აჩვენებს.

გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი, მთავარი ღონისძიებით დაიხურება. ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გია ყანჩელის მუსიკას დაუკრავს. მაესტროსთან ერთად, მსმენელის წინაშე 12 წლის ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე პირველად წარსდგება, რომელსაც 21-ე საუკუნის მოცარტს უწოდებენ. დასკვნით ღონისძიებაზე, გია ყანჩელის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედებითი მეგობარი, ალტისტი გიორგი ცაგარელიც დაუკრავს.

დღის ამბები