15 ნოემბერი 2024,   11:09
ვრცლად
ეს პროცესი არ არის სრულად ინკლუზიური ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ წევრების ოდენობა შეზღუდულია- ნიკა სიმონიშვილი სამუშაო ჯგუფებზე 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში პროცესი ვერ წარიმართება სრულად ინკლუზიურად, ვინაიდან სამუშაო ჯგუფებში წევრების ოდენობა არის შეზღუდული. 

"ამ სამუშაო ჯგუფში ჩვენ იგივე ვამბობდით გუშინ და დღესაც, რა თქმა უნდა, იგივე დავადასტურებთ, რომ ეს პროცესი არ არის სრულად ინკლუზიური ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ წევრების ოდენობა აქ არის შეზღუდული. მართალია, პარლამენტი საუბრობს იმაზე, რომ შემდგომ შესაძლებელი იქნება, სხვებმაც დააფიქსირონ პოზიცია, თუმცა პოზიციის დაფიქსირება არ არის შესაძლებელი ყველა შეხვედრაზე, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიით, როგორც უშუალოდ წევრები, შესაბამისად სრულად ჩართულობა ამ ორგანიზაციების ვერ იქნება შესაძლებელი. ისინი მართალია დაესწრებიან  ამ შეხვედრებს, თუმცა მათ საუბრის შესაძლებლობას, როგორც გუშინ გავიგეთ რა მისცემენ,"-აცხადებს ნიკა სიმონიშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრის განცხადებით, პრობლემები არსებობს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებითაც. 

"პრობლემები დაკავშირებულია იუსტიციის საბჭოს შემადგენლობასთან, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციონირებასთან, იქ კანდიდატების მოხვედრის გამჭვირვალობასთან და უამრავ სხვა საკითხთან, რომელსაც ეს რეფორმა წესით უნდა შეეხოს და გამოასწოროს,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი.

ცნობისთვის: პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი თემა რეკომენდაციების შესრულებაა. ჯგუფი სასამართლო რეფორმაზე მსჯელობს. მანამდე, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებაზე. ამ მიმართულებით ჯგუფის წარმომადგენლებმა უკვე კონკრეტული კანონოპროექტიც წარადგინეს.

დღის ამბები