პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდა ყველას მისცა შესაძლებლობა დაესვათ კონკრეტული საკითხები, თუ რაში ხედავენ პრობლემას.
"ჩვენ მივეცით ყველას შესაძლებლობა დაესვათ საკითხი, გაეკეთებინა კომენტარი და ეთქვა რაში ხედავს პრობლემას. ეს პრობლემა ნამდვილად პრობლემაა თუ სუბიექტური აზრია, ამას სჭირდება დასაბუთება. ამიტომ, ჩვენ ავიღეთ 1 კვირიანი გონივრული ვადა, რათა ყველამ ვისაც სურს წარმოადგინონ ამ საკითხების დასაბუთება", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ცნობისთვის: ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმაზე იმუშავებს, ამ წუთებში პარლამენტში გაფართოებულ შეხვედრას მართავს. მთავარი თემაა ევროკომისიის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტის შესრულება, რომელიც ეხება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. სხდომას ესწრებიან უმრავლესობა, ოპოზიციის ნაწილი, სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობოები. რეკომენდაცია გულისხმობს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღებას.