15 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ალბათ ისევ მიდის კინკლაობა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და "ქართულ ოცნებას" შორის - ბაჩო დოლიძე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურად აღარ განიხილა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანს უჭირს საუბარი რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნება" ცესკოს წარდგენილ კანდიდატებზე. მისივე თქმით, საქართველოში სახელები და გვარები არ განაპირობებს დამოუკიდებელი ინსტიტუტის სტატუსს.

"ამ სახელებზე და გვარებზე, ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ პრობლემაა "ქართული ოცნებისთვის", რომ მათი კანდიდატი სიაში ვერ მოხვდა, ისევ მიდის კინკლაობა ალბათ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და "ქართულ ოცნებას" შორის," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტში წარმოდგენილი კანდიდატები მხოლოდ გარკვეული როლის სათამაშოდ იყვნენ წარმოდგენილი. 

"რამდენადაც აუცილებელია კონსესუსი კანდიდატის ირგვლივ და არა 6 თვით დანიშვნა არამედ იმ ვადით, რა ვადითაც აუცილებელი არის და კანონი ამას ითვალისწინებს, ეს გადაწყვეტილებას ეფუძნება ამ სულისკვეთებას. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ ეს კანდიდატები იყვნენ მხოლოდ წარმოდგენილი საკუთარი როლის სათამაშოდ. იმისთვის, რომ ისევ კალანდარშვილი ყოფილიყო არჩეული, შესაბამისად არ მგონია, მათზე გაკეთდეს აქცენტი "ქართული ოცნების" მხრიდან," - აცხადებს აქუბარდია.  

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს რევაზ ეგაძის და თამარ ალფაიძის კანდიდატურები გადაუგზავნა. ხოლო მოქმედ თავმჯდომარეს ვადა 15 აგვისტოს ეწურება. ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი პარლამენტში ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებია გადაგზავნილი.

დღის ამბები