პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ. დეპუტატები მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს. აძვის და ჯარიაშენის სკოლაში სტუმრობისას დეპუტატებმა პედაგოგებისგან მოისმინეს, რა კეთდება და რა არის მომავალში გასათვალისწინებელი, რადგან სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა იზრდება.
დღის ბოლოს პარლამენტის წევრები გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.
"ჩვენი გუნდის ინტერესი იყო ახლოს გავცნობოდით ხალხს და იმ მეურნეობებს, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული რესურსით დაეხმარა სახელმწიფო, მაგრამ ადამიანები თავის შრომისმოყვარეობით და პროფესიონალიზმით ამართლებენ ამ დახმარებას, საკმაოდ წარმატებულებიც არიან. სასმელი წლით მომარაგება ყოველთვის პრობლემა იყო ამ მხარეს, ათეული წლებით არ ჰქონდათ ხალხს. არაერთი სოფლებია, რომლებიც ახალი პროექტებით მოყვანილი წლით სარგებლობს, მათ შრის საგანგებო მნიშვნელობა აქვს სარწყავ წყალს. არც ერთი კვადრატული მიწა არ არის დატოვებული დაუმუშავებლად,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით კი, საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს თუ რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს ოკუპაციას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ ხალხს, რომლებიც ყოველ დღე უყურებენ რუსულ ოკუპაციას.