"ნაციონალური მოძრაობა" გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავს - პარტიის წევრების განცხადებით, ისინი ითხოვენ, რომ არჩევნების გაყალბების თემასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყოს.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული გამოძიების დაწყებას სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ითხოვს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის გოგაშვილის მიერ, გამოქვეყნდა შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც თვალნათლივ არის დასაბუთებული არჩევნების გაყალბების სისტემური, ორგანიზებული დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, რაშიც ჩათრეულნი არიან როგორც პარტიული ორაგნიზაცია "ქართული ოცნების" სახით, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. შექმნილია ერთიანი დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნების გაყალბებას და ამით "ქართული ოცნების" მიერი ხელისუფლების მიტაცებას. ამ სისხლის სამართლის საქმით უნდა დაიწყოს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დელეგიტიმაციის პროცესი,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
უმრავლესობა ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას პასუხებს სწორედ გამოძიება გასცემს.
მათი თქმით, არჩევნების შესახებ არსებობს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები, რაც კითხვებზე პასუხია.
"როგორც მოგეხსენებათ სოსო გოგაშვილთან დაკავშრებით მიმდინარეობს გამოძიება. გოგაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ალბათ ძალიან ბევრ შეკითხვაზე გასცემს საზოგადოებას პასუხს, მათ შრის მის განცხადებებზე. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, არსებობს ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა, არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.