ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტზე მუშაობა გრძელდება. დღეს, პარლამენტში, ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა შეხვედრა გამართა, რომელსაც უმრავლესობასთან ერთად, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა. მათ წარადგინეს კონკრეტული წინადადებები, მაგალითად ენჯეოები და ოპოზიციის ნაწილი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითხოვს.
უმრავლესობა ამბობს, რომ განიხილავენ ყველა მოსაზრებას. მომდევნო შეხვედრაზე მხარეები უკვე კონკრეტულ პრეზენტაციებს წარადგენენ, ვის როგორ წარმოუდგენია მათი წინადადების გაზიარება. საუბარი იყო იმაზეც, რომ გამკაცრდეს კორუფციის შესაძლო ფაქტების აღრიცხვა და თუ აუცილებლობა იქნება, ამ ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსი გადაიხედოს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ კანონის გამკაცრება ანტიკორუფციული კუთხით, გონივრული იქნება.
"შეხვედრა იყო ძალიან სინტერესო, ასევე საინტერესო წინადადებებით. ჩემი შეთავაზება იქნება პრევენციის საკითხი და კანონის გამკაცრება,"- აცხადებს ინჯია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აღნიშნავს, რომ ყველა აზრი და იდეა განიხილება შეხვედრებზე.
"ეს არის პრევენციაზე ორიენტირებული ანტიკორუფციული მიმართულება გამოვლენის შემდგომ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგრძელება. მსჯელობა იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ ნებისმიერი იდეა და აზრი იქნება განხილული. IDFI-ის წარმომადგენელს ვთხოვეთ პრეზენტაცია, თუ როგორ აქვთ კვლევა ჩატარებული და რატომ სააგენტო, როგორ გადაჭრის სააგენტო გამოწვევას და საკითხებს და ა.შ",- აცხადებს ოხანაშვილი.