ამ წუთებში, პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა იწყება. ეს არის იმ ჯგუფის პირველი შეკრება, რომელმაც სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე უნდა იმუშაოს. რეკომენდაციების მეოთხე პუნქტის თანახმად, ისეთ მექანიზმებზე უნდა იმსჯელონ, რომლითაც ეს სამსახურები უფრო გაძლიერდება. ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას ისევ არ ესწრება. ჯგუფში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
"ჩვენს ფრაქციას, "ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაში" არა ერთხელ აქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ ჩვენ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, საქართველოსთვის 6 თვის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მონაწილეობას მივიღებდით საჯარო ფორმატში, რეგლამენტის ფარგლებში, კომიტეტებზე და სხდომებზე, რაც არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩვენ, პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა, ჩვენს კოლეგებთან ერთად განვაგრძობთ პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ მუშაობას ზუსტად იმ 12 რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, საქართველოს დემოკრატიისთვის და კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე
ხატია დეკანოიძე.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით კი, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან დაიწყებენ შეხვედრას და პოზიციების შეჯერებას.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა კერესელიძე ამბობს, რომ იმისათვის, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-4 პუნქტი შესრულდეს, საჭიროა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეიცვალოს.
"12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-4 პუნქტი, რეალურად რომ შესრულდეს, ჩვენი წინადადება გახლავთ, შეიცვალოს ამ ორი სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი. კერძოდ: ეს ორი სამსახურის ხელმძღვანელი არჩეული იქნეს საქართველოს პარლამენტის მიერ 2/3 მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების ურთიერთშეთანხმებით და კონსესუსის გზით,"-აცხადებს შალვა კერესელიძე.