15 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებით, ევროკავშირის ანგარიშში ასახულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს ვერ ახორციელებს

ევროკავშირის ანგარიშს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს ვერ ახორციელებს და ეს ანგარიშშიც ასახულია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მთავარი სიტყვა რაც ამ მოხსენებას ლაიტმოტივად გასდევს, არის უკუსვლა.

"პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ახლა თქვენზე არის ჯერი, გააკეთეთ რამე, მთავარი სიტყვა რაც ლაიტმოტივად გასდევს ამ მოხსენებას, ეს არის უკუსვლა. უკუსვლა ყველგან, სასამართლო სისტემის კუთხით, დემოკრატიის კუთხით, პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით, პოლიტიკური დევნიდან დაწყებული სააკაშვილის, გვარამიასა და უამრავი სხვა საქმეებით დაწყებული, სახალხო დამცველის დევნაც კი არის ამ მოხსენებაში აღწერილი. ქვეყანა წავიდა უკან, აი ეს არის მთავარი დასკვნა ამ დოკუმენტიდან, თანაც არაორაზროვნად ნათქვამი, ვინაიდან ეს უკუსვლა რეფრენად გასდევს, თუ შეიძლება ასე ითქვას ამ დოკუმენტს, და როდის უნდა გავაკეთოთ წინსვლა," - აცხადებს გოცირიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველა ძირეული მიმართულებით აქვს ჩავარდნები.

"დოკუმენტში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყველა ძირეული მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს აქვს ჩავარდნები და არათუ გაჩერებულია რეფორმები, გვაქვს უკუსვლა მთელი რიგი მიმართულებით, როგორიც არის ადამიანის უფლებები, როგორიც არის სასამართლო, როგორიც არის ღია მმართველობა. ასე რომ, ყველა ძირეული მიმართულებით, "ქართული ოცნების" პირობებში, ბოლო წლებში განსაკუთრებით, გვაქვს უკუსვლა. ეს აღარ არის სტაგნაცია, ეს არის უკან სვლა," - ამბობს ჩიხლაძე.

დღის ამბები