15 ნოემბერი 2024,   11:11
ვრცლად
ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 476 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს ექსპორტში.

"ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია როგორც წინა წლის ივლისის, ასევე, სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-თ მეტია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, პრემიერის თქმით, ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასე რომ,  ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები