21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ეგვიპტეში ხანძრის შედეგად დაღუპული 41 ადამიანიდან 18 ბავშვია - რამ გამოიწვია ხანძარი ეკლესიაში, სადაც 5000 ადამიანი იმყოფებოდა

აბუ სიფინის კოპტური ტაძარი ტრაგედიის ადგილად იქცა. ტაძარში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 18 ბავშვია. გარდაცვლილ არასრულწლოვანთა ასაკი კი 3-დან 16 წლამდე მერყეობს. მსხვერპლთა ნაწილი ერთი ოჯახის წევრები არიან. ტრაგედიის შედეგად დაღუპულ, 5 წლის 3 ტყუპთან ერთად, გარდაიცვალა მათი დედა, დეიდა და ბებია. დაღუპულთა უმეტესობა ჰაერის უკმარისობამ იმსხვერპლა. დაშავდა ათობით ადამიანი.

საკვირაო მესაზე მისულ მლოცველებთან ერთად დაშავდნენ პოლიციის ოფიცრები და სამოქალაქო დაცვის სამსახურის 3 წევრი. დაზარალებულთა ნაწილს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

ხანძარი დილის 9 საათზე შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. საკვირაო მესის აღსავლენად 1000-მდე მომლოცველი იყო შეკრებილი. გაჩენილმა ცეცხლის კერებმა ტაძარში შესასვლელი ჩაკეტა. შენობაში მყოფთა ნაწილი თავის საშველად ოთხ სართულიანი შენობის ფანჯრებიდან ხტებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ხანძარი კონდიციონერში ელექტროგაუმართაობის შედეგად გაჩნდა.

დაზარალებულები ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა, ის დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 100,000 ეგვიპტურ ფუნტს დაპირდა და ტაძრის უმოკლეს ვადებში აღდგენის პირობა დადო.

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

დღის ამბები