21 დეკემბერი 2024,   18:40
ვრცლად
სასამართლომ სენაკში შუალედური არჩევნები არ გააუქმა - რა შეფასებები მოჰყვა გადაწყვეტილებას ოპოზიციასა და მმართველ გუნდში

სასამართლომ სენაკში შუალედური არჩევნები არ გააუქმა - ცესკოს განკარგულების ბათილად ცნობას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ითხოვდა.

1 ოქტომბერს არჩევნები საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ვახტანგ წურწუმიას ადგილზე ახალი წევრის ასარჩევად ტარდება. წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნით 31 მაისს შეუწყდა.

საიაში მიიჩნევენ, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, რადგან საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

ცესკოს განკარგულებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

"სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება, შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული შესაბამისობით. რაც შეეხება საკითხს, რომელიც უკავშირდება მთელი ოლქის მასშტაბით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს ამის განხორციელება, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები. ესეც შესაძლოა განვიხილოთ იმ დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილად, რომელიც ბოლო პერიოდში ცესკოს მიმართ ხორციელდება," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

არაკანონიერს უწოდებს ცესკოს გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე. 

"არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს, უფლებამოსილების შეწყვეტა თვითონ საკრებულოში უნდა მომხდარიყო. რის არჩევნებს ნიშნავენ, საერთოდ გასაკვირია, რატომ გონიათ, რომ მართლა ჩალითაა დაფარული ეს ქვეყანა. ყველანაირ პროცედურას, რეგლამენტს და კანონს გადაახტნენ, დღეს რომ ჩვენ კანდიდატის დაყენებაზე ვისაუბროთ უბრალოდ არასერიოზულია. ეს ყველაფერი არის დროებითი და საპასუხო რეაქციას ყველა დაინახავს, თან ძალიან მალე," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

როგორც გახარიას პარტიაში აცხადებენ, გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ სასამართლო დამოუკიდებელი არაა. არჩევნებში მონაწილეობას არც "პარტია საქართველოსთვის" აპირებს.

"ჯერ კიდევ კითხვის ნიშანია, ნამდვილად ჩატარდება თუ არა არჩევნები 1 ოქტომბერს, მაგრამ თუ ჩატარდა და მოხდა ეს უკანონო გადაწყვეტილება, ჩვენი პარტია არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. სენაკი არის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იმის, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნებას. სენაკში თითქმის ყველა რესურსი გამოიყენეს ამისათვის. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო ის სამწუხარო რეალობა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოსგან ჯერ კიდევ შორსაა ჩვენი სახელმწიფო," - აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "სენაკი - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ედიშერ ბაღათურია.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წევრი საბა ოდიშარია, ამბობს, რომ ოპოზიციას წაგებულ თამაშში მონაწილეობა არ სურს და ამითაა განპირობებული არჩევნებში მონაწილეობაზე მათი უარი.

"მოცემულობა, რაც დღეს იდგა, რის გამოც ჩანიშნა ცესკომ არჩევნები, არის კანონის მოცემულობა. მეორეა, რა აწყობთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გახარიას პარტიამ არ წარადგინა განცხადებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კანდიდატი არ ეყოლებათ. ბუნებრივია მათ წაგებულ თამაშში მონაწილეობა იმ თავითვე არ უნდათ," - განაცხადა საბა ოდიშარიამ.

 

დღის ამბები