სამოქალაქო სექტორი ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევას იწყებს- ინიციატივას 50-მდე ორგანიზაცია უერთდება. როგორც გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ. სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების მიზნით პროცესს არასამთავრობო სექტორი თავად იწყებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე დისკუსიამ გადაინაცვლოს პარლამენტში, რომელიც პარტიებს კონსესუსამდე მიიყვანს.
"აუცილებელია, რომ ეს დისკუსია გაიხსნას და უკვე დაიწყოს საუბარი, სამოქალაქო სექტორიც მოემზადოს დისკუსიის დასაწყებად, მათ შორის კანდიდატებთან დაკავშირებით. ჩვენი შემდგომ რამდენიმე კანდიდატი შევთავაზოთ, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას. აი, ეს პოლიტიკური დისკუსია უკვე უნდა წარიმართოს პარლამენტში და მივიდნენ პარტიები კონსესუსურ შედეგამდე, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს არა უბრალოდ სახალხო დამცველის არჩევისკენ, არამედ, რეალურად, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევისკენ,"-აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის მოსაზრებით კი, შერჩევის მომენტში ნომინირებული იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნება პროფესიონალიზმი და გამოცდილება ადამიანის უფლებებში. მისივე თქმით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
რაც შეეხება კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ბაია პატარაია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, რომ სწორედ ამ კანდიდატებიდან შეარჩიონ ადამიანები და დაასახელონ უკვე ოფიციალურად პარლამენტის წინაშე.
"აგვისტოს ბოლომდე ჩვენ მივიღებთ მათ განცხადებას, ვისაც უნდა ამ პროცესში ჩართვა და სექტემბრიდან უკვე ეს გაფართოებული შემადგენლობა სამოქალაქო სექტორისა შეიმუშავებს წესს, თუ როგორ უნდა მოხდეს კანდიდატის ნომინირება,"-აცხადებს პატარაია.