15 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება - კელი დეგნანი

ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება - ამის შესახებ კელი დეგნანმა "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

"ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების მანძილზე იყო რეფორმების განხორციელების კარგი ძალისხმევა, თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ დამატებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. ამაზე თანხმდებოდა პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი. არ მესმის, ახლა რატომ არის წინააღმდეგობა ამ რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე, როგორც წესი, მუშაობს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები და ცოტა დამაბნეველია ჩემთვის, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ამ ეტაპზე ამ საკითხთან, ამ საკონსულტაციო პროცესთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მიზანი არის სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში.

რაც შეეხება ამ ჯგუფს, მე არ ვიცი ისინი რას წარმოადგენენ, ვის წარმოადგენენ, განსხვავდებიან თუ არა მმართველი პარტიისგან, თუმცა ის ბრალდებები, რასაც ისინი აყენებენ ჩვენს მიმართ, არის დაუფიქრებელი და კონსპირაციულ თეორიებზე დაფუძნებული, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ჩვენ წლების განმავლობაში ვხვდებით პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს - ჩვენი სამუშაო ასეთია, სწორედ ასე ვიღებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის აუცილებელი რომ გაკეთდეს, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს დემოკრატია. რა თქმა უნდა, ამ ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ.

ნებისმიერი ბრალდება, რომ დასავლეთი ხელს უწყობს პოლარიზაციას, ეს არის გარკვეულწილად მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ სხვა მხარეს, მაშინ როდესაც დასავლეთი და ევროპა ჩვენი თანამშრომლობის ნაწილზე ყოველთვის ცდილობდა პოლარიზაციის შემცირებას და ზოგადი სიტუაციის გაუმჯობესებას.

ალბათ ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო, თუნდაც სამი წლის წინაც პოლარიზაცია არსებობდა და ეს მრავალი ფაქტორით იყო გამოწვეული. მათ შორის დარღვეული პოლიტიკური პირობებით, გავრილოვის ღამით, და ანტიდემოკრატიული ქმედებებით. აქედან მოვიდა პოლარიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა, რაც იქნა გაცემული და ეს რეკომენდაციები ზუსტად იმ შინაარსისაა, რაც პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს და შეპირდნენ მოსახლეობას, რომ გააკეთებდნენ. ეს საქმიანობა უნდა განხორციელდეს ინკლუზიურად და ერთობლივად,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები