არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს ოპოზიცია მიესალმება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მოქმედი ომბუდსმენიც ამ პრაქტიკით არის შერჩეული და შედეგი დადებითია.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის განცხადებით, არის საკითხები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ერთად უნდა გადაწყვიტოს.
"ნებისმიერ ფორმატს, სადაც იქნება კონსულტაციები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ჩვენ მივესალმებით, რომ სახალხო დამცველი მივიღოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები, როცა არ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ოპონენტების თემა. არის ქვეყნის საკითხები, სადაც ყველა უნდა შევჯერდეთ იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ,"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივნის, ბაჩო დოლიძის განცხადებით კი, ომბუდსმენის არჩევის შემთხვევაში, უპირატესობა სამოქალქო საზოგადოებას ენიჭება.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არასამთავრობოებს ენიჭებათ უპირატესობა. მათი მხრიდან უნდა იყოს მოწონებული და მათი მხრიდან უნდა იყოს გაკეთებული კონკრეტული არჩევანი, შესაბამისად, შემდგომ უკვე, კონსენსუსის გზით უნდა იყოს არჩეული კანდიდატი. ჩვენი პოზიცია იქნება თანხვედრაში 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, თანხვედრაში იქნება არასამთავრობოებთან. არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ "ქართული ოცნება" ამ ყველაფერს დათანხმდება იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა არის ყველა ინსტიტუტის დაქვემდებარება,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, არსებობს პრაქტიკა, რომელიც გამოყენებული იქნა უჩა ნანუაშვილის შერჩევის დროს, როცა ხელისუფლება არ ჩარეულა და პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციით მიმდინარეობდა. ასევე, პაატა მანჯგალაძე სრულად იზიარებს, რომ დამატებითი რეგულაციების ჩაწერა საკანონმდებლო დონეზე არ არის სავალდებულო და ის წესი რაც არის ფორმალური შეთანხმების დონეზე არ უნდა დაირღვეს.
ნინო ლომჯარიას შემცვლელი საერთო კონსენსუსით რომ უნდა აირჩეს, ეთანხმება "ქართული ოცნებაც", თუმცა მმართველ გუნდში ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკური ჯგუფების როლზეც, ვინაიდან სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს. ომბუდსმენის დასამტკიცებლად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, ამ რაოდენობის მანდატი კი საკანონმდებლო ორგანოში არავის აქვს.