პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფებში ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა იქნება ღირებული.
"არა უგვიანეს 21 სექტემბრისა უნდა მოხდეს იმ ცვლილებათა პაკეტის დაინიცირება, რომელიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში. როტაციული პრინციპით სხვადასხვა შეხვედრებზე, სხვადასხვა ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას. ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი ღიაა ნებისმიერი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და ვთვლით, რომ ნეიტრალური ორგანიზაციების მონაწილეობა ძალიან ღირებულია ამ პროცესისთვის," - აცხადებს გივი მიქანაძე.
პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრები იმართება. პარალელურ რეჟიმში ორი ჯგუფი შეიკრიბა, მათ შორის ერთ-ერთის მონაწილეები საარჩევნო კოდექსზე მსჯელობენ. მიზანი ევროპის 12 პუნქტის შესრულებაა. შეხვედრებს ისევ არ ესწრება ოპოზიციის ნაწილი, ის პარტიები კი, ვინც კონსულტაციებში ჩართულია, რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის საარჩევნო ბარიერზე.