უკვე მეორე დღეა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საპასუხო კომენტარზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. შეგახსენებთ, გუშინ კელი დეგნანმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "გავრილოვის ღამე", შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები, აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან."
ოპოზიციის ნაწილის შფასებით, კელი დეგნანმა გუშინდელ განცხადებაში იგულისხმა ის, რომ პოლარიზაცია სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს "გავრილოვის ღამე" მოუწყოდა სწორედ იმ ვალდებულებებზე თქვა უარი, რასაც მოსახლეობას დაპირდა.
"არ წამიკითხავს ნამდვილად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სად არის ნახსენები პარლამენტის შტურმი - ეგ ერთი. მეორე - ქალბატონმა დეგნანმა გუშინ რაც გააკეთა განცხადება, საუბარი იყო იმაზე, რომ პოლარიზაცია დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს მოუწყო გავრილოვის ღამე და როდესაც დაიწყო იმ ვალდებულებებზე უარის თქმა, რასაც დაპირდა მოსახლეობას - ეს იყო პროპორციული არჩევნები და სხვა ძალიან ბევრი საკითხი, ჩვეულებრივად მოატყუა თავისი მოსახლეობა და ამის შემდეგ დაიწყო პოლარიზაცია," - აცხადებს ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კელი დეგნანის კვალიფიკაციისა და ცოდნის შეფასებას "ქართული ოცნების" და პარტიიდან წასული დეპუტატების მხრიდან სასაცილოდ მიიჩნევს.
"ქართული ოცნების" და ე.წ. წასული დეპუტატების მხრიდან ელჩი დეგნანის დიპლომატიური კვალიფიკაციის და ცოდნის შეფასება, ჩემთვის არის სასაცილო. 20 ივლისის მოვლენებს ეწოდა გავრილოვის ღამე, რადგან ეს გამოწვეული იყო სწორედ გავრილოვის სპიკერის სავარძელში დანახვის შემდეგ, როდესაც ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი - ამას ჰქვია გავრილოვის ღამე. რაც შეეხება თავდასხმას, შეჭრას და ა.შ. "ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს, საქმეც და გამოძიებაც ადასტურებს, რომ არაფერ ამასთან საქმე არ გვქონია, ეს იყო სამართლიანი პროტესტი და "ქართულმა ოცნებამ" ის გამოიყენა ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.