კელი დეგნანს "ქართული ოცნების" წევრები ტერმინის "გავრილოვის ღამის" გამოყენებისთვის აკრიტიკებენ. უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, ელჩი ეწინააღმდეგება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, რომელიც 2021 ივნისის მოვლენებს საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობად აფასებს.
ელჩი დეგნანის შეფასებები უკვირთ როგორც მმართველი პარტიის წევრებს, ასევე პარტიიდან გასულ დეპუტატებს.
"დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად გავრილოვის ღამედ არ უნდა მოიხსენიებდეს, ასევე ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს.
როდესაც საუბრობ 20 ივნისის მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლებისთვის ნეგატიურ კონტექსტში და არ ამბობ შტურმს საქართველოს პარლამენტზე - ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტებს ამახინჯებ, და ეს არა მხოლოდ დიპლომატიური არ არის, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.
ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ თუ მის ქვეყანაში - შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ ასე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის გამოშვებას ციხიდან, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტზე შტურმს," - განაცხადა პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე კი ამბობს, რომ კელი დეგნანის განცხადება აბსოლუტურად ჯდება იმ პათოსში და კონტექსტში, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვს.
"ეს კონკრეტული განცხადება აშშ-ის ელჩის მხრიდან აბსოლუტურად ჯდება იმ პათოსში და კონკრეტულ კონტექსტში, რასაც რადიკალური ოპოზიცია აჟღერებს 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ უშუალოდ იმ ორგანოს დასკვნა, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, სადაც წერია პირდაპირ, რომ ეს იყო ლეგიტიმური ძალის გამოყენება და რომ იყო უკანონო ის შტურმი, ის მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუციის შტურმით აღების, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ ელჩის განცხადება, მხოლოდ გაკვირვებას იწვევს და სამწუხაროა, რომ ეს განცხადება კონკრეტულად არის იმ პათოსში, რასაც ოპოზიცია აჟღერებს," - აცხადებს გივი მიქანაძე.