15 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ არ ჰყავს - რას გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ 

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ არ ჰყავს, რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა "ქართული ოცნების" სარჩელი, მმართველმა გუნდმა  იმ განკარგულებების გაუქმება მოითხოვა, რომელიც 17 ოპოზიციონერის მიერ თებერვალში დამტკიცდა.

"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ საკრებულოში არ იყო დეპუტატების ის საჭირო რაოდენობა, რომლებიც თავმჯდომარეს აირჩევდნენ, საწინააღმდეგოს ამტკიცებენ "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი გახარიას გუნდის წევრები. ოპოზიცია ამბობს, რომ კვორუმი შედგა და სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "სენაკი - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ედიშერ ბაღათურია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. 

"სენაკი თვალსაჩინო მაგალითია თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" ძალაუფლების ყველა სახით შენარჩუნებას. მათ ამისათვის ყველა რესურსი გამოიყენეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის უცხო არ ყოფილა. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოსგან ძალიან შორს ვარ,"- აცხადებს ბაღათურია.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ბორის სოსელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წევრები სხდომებზე არ დადიოდნენ.

"17 დეკემბრიდან 9 თებერვლამდე 9 სხდომა იყო ჩანიშნული, აქედან არც ერთზე "ქართული ოცნება" არ მოსულა. 9-დან 2, მათივე მოწვევით იყო, კრიზისი საიდანაც დაიწყო კი იცის ყველამ,"- აცხადებს ბორის სოსელია.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ საკრებულოში საჭირო რაოდენობის დეპუტატები არ იყვნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” წევრის საბა ოდიშარიას განცხადებით, "ქართული ოცნება" სენაკის საკრებულოში ყველა კანონქვემდებარე პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები