1 449 124 მოქალაქე აზარტული თამაშების აკრძალულ სიაშია - სტატისტიკურ მონაცემებს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციაში მითითებულია, რომ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები ძალაში 1 მარტიდან შევიდა.
სტატისტიკა არის სწრაფად მზარდი და ციფრები ამბობენ იმას, რომ ამ დროისთვის საქართველოში აზარტულ თამაშებზე ხელი აღარ მიუწვდება თითქმის 1.5 მილიონ ადამიანს, რაც არის თავისთავად პოზიტიური დინამიკა, რაზეც დღეს საქართველოს მთავრობამ ისაუბრა.
რაც შეეხება ამ ე.წ. შავ სიას, რომელშიც არა მხოლოდ ლუდომანები არიან შეყვანილი, მასში ასევე შეიყვანეს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პირები და ასევე სოციალურად დაუცველი პირებიც.
"პრემიერის გაბედულმა ინიციატივამ თავისი დიდი შედეგი უკვე გამოიღო. დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი არის ისეთი, რომელიც გამოეთიშა პროცესს იმიტომ, რომ აკრძალულ პირთა სიაში უკვე დარეგისტრირდა ამდენი ადამიანი. ეს ეხება სოციალურად დაუცველებს, სახელმწიფო სამსახურებში მყოფ პირებს, ასაკობრივი ლიცენზიის მყოფ პირებს - 25 წლამდე ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების არის მიღმა იმ მავნე პროცესის მიმართ, რასაც ჰქვია ჩართულობა აზარტულ თამაშებში.
გარდა ამისა, მეტი ყურადღება უნდა გავამახვილო, რომ დაახლოებით 2 000 პირი არის, რომელიც საკუთარი ინიციატივით, როგორც თამაშდამოკიდებული გამოეთიშა პროცესს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
საზოგადოებრივი მოძრაობის "სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ" თავმჯდომარის წარმომადგენელი ამბობს, რომ დიდი პრობლება იკვეთება რეკლამის სფეროში აღსრულების მექანიზმის თვალსაზრისით, ვინაიდან შეტყობინებებს ესემესის სახით ზოგიერთი მომხმარებელი მაინც იღებს.
"ძალიან დიდი პრობლემაა რეკლამის სფეროში აღსრულების მექანიზმში იმიტომ, რომ არაფერი არ შეცვლილა იმის გარდა, რომ მარტო ბილბორდები მოიხსნა. ესემესის სახით მაინც ეგზავნებათ ზოგიერთ მოქალაქეებს. ასევე დარღვეულია იმ პირების რეგისტრაცია, რომლებსაც აკრძალული აქვთ შესვლა, მაგრამ კვლავაც შედიან, არ ამოწმებენ და არ აკონტროლებენ," - განაცხადა გიორგი პაიჭაძე.