ამერიკის ელჩს დიპლომატიური ენა, 20 ივნისის მოვლენების ”გავრილოვის ღამედ” შეფასების გამო დაუწუნეს. მმართველი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებიც ამერიკელ დიპლომატს ხშირად აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ მათი ბრალდებები უსაფუძვლო არ არის. "ოცნებიდან" წასულ ოთხეულს მიაჩნია, რომ 20 ივნისის მოვლენებს ამერიკის ელჩი სუბიექტურად აფასებს და არ საუბრობს იმაზე, თუ რა მიზანი ამოძრავებდა ოპოზიციის ნაწილს 2019 წლის 20 ივნისს.
ყოფილი თანაგუნდელების მსგავსად, ”ქართული ოცნების” წევრებსაც” უკვირთ, რატომ არის კელი დეგნანის განცხადება აცდენილი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაწერილი შეფასებისგან. მმართველი გუნდის წევრები დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშს იხსენებენ, სადაც წერია, რომ 2019 წლის ივნისში პროტესტის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის შენობაში შეჭრა. რატომ არის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ელჩის შეფასებებში განსხვავება, ამას "ოცნებაში" იმით ხსნიან, რომ კელი დეგნანი ოპოზიციის ნაწილის პათოსს იზიარებს.
რატომ აკავშირებენ ელჩის შეფასებას ”ნაციონალურ მოძრაობის” პოზიციასთან გაუგებარია თავად ამ პარტიის წევრებისთვის. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მმართველი გუნდი პოლარიზაციას, შემცირების ნაცვლად, აღრმავებს. ელჩის შეფასებაში პრობლემას ვერ ხედავენ ვერც სხვა ოპოზიციურ პარტიებში.
იმ ფრაზაზე, რომელიც კელი დეგნანმა 20 ივნისის მოვლენების დახასიათებისას გამოიყენა, კომენტარის გაკეთება არ სურს გახარიას გუნდს. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამოაზრეები დღეს მხოლოდ საუბრობენ იმაზე, რომ აქცია, თავდაპირველად, საზოგადოების სამართლიანი პროტესტი იყო, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა ის სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმში გადაზარდა.
ელჩის შეფასებაზე კითხვები აქვთ მმართველ გუნდშიც. მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ელჩმა თავი უნდა შეიკავოს რომელიმე კონკრეტული მხარის პოზიციის გაზიარებისგან. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, მომავალშიც გაგრძელდება და შენარჩუნდება.
პოლიტიკური განცხადებების მიუხედავად, ამერიკის ელჩმა კრიტიკა დღეს უპასუხოდ დატოვა.