15 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
პროტესტი კოლეგა არასამთავრობოს დასაცავად - საიას თავმჯდომარემ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა  

საიას თავმჯდომარემ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა. ნიკა სიმონიშვილისთვის მიუღებელი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება გახდა, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე "სამართლიანი არჩევნებისთვის" უარი ეთქვათ. 

"სამართლიანი არჩევნების" გარდა, ჯგუფში მეორე კვოტა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა სოლიდარობის გამო და პროტესტის ნიშნად საიას თავმჯდომარემ შეხვედრა მალევე დატოვა. ის პარლამენტიდან სამართლიანი არჩევნების ოფისში მივიდა, სადაც სპეციალური ერთობლივი ბრიფინგი ჩაინიშნა. ორგანიზაციის წევრებმა მმართველი გუნდის განცხადებაზე თქვეს, რომ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნების არ დაშვება, დისკრიმინაცია და პოლიტიკური ნიშნით სამოქალაქო სექტორის უფლებების შეზღუდვას ნიშნავს.

სამართლიანი არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის ოპოზიციონერ წევრებსაც არ მოსწონთ. პარტიებში მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ საკითხის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება ბუნებრივი პროცესია, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.

პოლიტიკურ პოზიციებთან ერთად მმართველი გუნდი სამართლიანი არჩევნების პოლიტიკურ პარტიებთან კავშირზეც მიუთითებს. "ქართულ ოცნებაში" დღესაც გაიხსენეს სამართლიანი არჩევნების 2020 წლის არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რომელიც მოგვიანებით არასწორი აღმოჩნდა. ორგანიზაცია ამას დღესაც ადამიანურ შეცდომას უწოდებს. უმრავლესობისთვის კი ეს მონაცემების შეგნებული გაყალბება იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე კი ჯგუფი წევრებმა დღეს 3 საათის განმავლობაში იმსჯელეს, თუ რამდენად თანხვედრაშია მოქმედი კოდექსი ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებთან. საკითხის განხილვას ჯგუფი 1 კვირაში ისევ დაუბრუნდება.

დღის ამბები