15 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს - ირაკლი ღარიბაშვილი

მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც მონაწილეობდა ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ღარიბაშვილის თქმით, ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრის სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.

"მივესალმები ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, ჩვენი თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს.

ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე, ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრის სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა, უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი, როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არა მხოლოდ სომხეთის, საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს. უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც ორ წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.

ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და მინდა, აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბანკის წარმომადგენელს. ამ პროექტისთვის გამოიყო დაახლოებით 7 მლნ ევროზე მეტი. მადლობას ვუხდი ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებს, ორივე მხარის სამთავრობო უწყებებს და პროფესიონალთა გუნდს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს. ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები