15 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება- ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფიდან "ისფედის" გაშვებაზე, უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება - ბრიფინგი გაიმართა "ნაციონალურ მოძრაობაში", პარტიამ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მესამე სექტორზე თავდასხმად შეაფასა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამუშაო პროცესიდან ერთ - ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ჩამოშორება ადასტურებს, რომ ხელისუფლების ინტერესში ევროპის რეკომენდაციების გაზიარება არ არის.

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია -"სამართლიანი არჩევნები", "ისფედი".

"ერთიანი ნაციონალური" მოძრობა სხვა ოპოზიციური პარტიებთან ერთად, რა თქმა უნდა, აგრძელებს არასამთავრობო სექტორთან ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ პაკეტზე მუშაობას, რომელიც სექტემბერში უნდა იყოს მიღებული,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.  

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე "სამართლიან არჩევნებს" ნდობას უცხადებს და ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის დაბლოკვა და შავი პიარი, არ ემსახურება დემოკრატიის ინტერესს.

ასევე, მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ "სამართლიანი არჩევნები" არის ყველაზე მაღალი პროფესიონალი ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება.

საპასუხო კომენტარები გაკეთდა "ქართულ ოცნებაში. მმართველი გუნდი ბრალდების ავტორ პარტიას წარსულის გახსენებას ურჩევს და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ "სამართლიანი არჩევნები" არ არის ნეიტრალური ორგანიზაცია.

ინფორმაციისთვის: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გუშინ გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

დღის ამბები