პარლამენტის სპიკერის განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა - ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის სპიკერის მხრიდან "ისფედის" მიმართ დაფიქსირებული პოზიცია არის მცდელობა, რომ პროცესი, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არის გათვალისწინებული, მიზანმიმართულად ჩაიშალოს.
""ქართულ ოცნებას რჩება დრო რაღაც პოლიტიკური რევანშებისთვის, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი მაშინ, როდესაც 12 პუნქტიან რეკომენდაციაში პირდაპირ წერია არასამთავრობოების ჩართულობის შესახებ და სადაც ხაზია გასმული მათ როლზე ამ მთლიან პროცესში, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება. ამ დროს გამოსვლა მსგავსი ტიპის ბრიფინგით და ბოდიშების მოთხოვნა, პოლიტიკური უტიფრობა და არასახელმწიფოებრივი მიდგომა მგონია," - განაცხადა ენმ-ს საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ.
ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაკეთებული განცხადებები, აზიანებს პროცესში ჩართულობას, გამჭვირვალობას და გარდა ამისა, აფერხებს რეკომენდაციების სრულად შესრულებას.
"სამწუხაროდ "ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, არც არასამთავრობო სექტორის, არც პოლიტიკური სპექტრის, არც საზოგადოების აზრს. ისევ და ისევ არის მოწოდებები გამიჯვნაზე, არაინკლუზიურ პროცესზე, ისევ და ისევ წინაპირობებს უყენებს თავისივე პროცესში მონაწილე მხარეებს.
კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ოცნებას არ სურს არცერთი რეკომენდაციის შესრულება, არცერთი რეფორმის განხორციელება და მათ შორის არც არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ.