15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"აშშ-ის საელჩომ თვენახევრით ადრე იცოდა, რომ ეს გაყალბება იყო მომხდარი, მაგრამ ხმას არ იღებდნენ ამაზე" - სოზარ სუბარი

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები, წერილის გავრცელების შემდეგ, განმარტებებს ამჯერად მედიასთან აკეთებენ. მათი განცხადებით, ამერიკის საელჩომ საზოგადოებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული ღირებულებების არასწორი განმარტება შესთავაზა.

მათივე თქმით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ISFED-მა პარალელური დათვლები გააყალბა, ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდა.  

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩო ახალისებდა არასამთავრობო სექტორის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაცია. 

"შეერთებული შტატების საელჩო ყოველ გამოსვლაში პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვის ნიშნები დავსვით, რომ იგი სამწუხაროდ კოორდინირებდა და ახალისებდა არასამთავრობო სექტორის მიერ წამოწყებულ იმ გაყალბებული შედეგების შესაბამისად საბოტაჟს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია წელიწად ნახევრის განმავლობაში აწარმოებდა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ჩვენ როდესაც ვითხოვთ რომ საელჩო გამიჯვნოდა იმ რადიკალური  ოპოზიციის პროცესებს და რიტორიკას, სამწუხაროდ, არ გაემიჯნა, არამედ პირიქით, გუშინდელი განცხადებით დაადასტურა ის, რომ თურმე ორგანიზაცია, რომელიც საჯაროდ აყალბებს შედეგებს და ეს აღიარებულია, შემდეგომ თვე ნახევრის განმავლობაში ცდილობს, რომ საზოგადოება სიცრუეში აცხოვროს, ამის შემდგომ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, უნდა რომ ტექნიკური მთავრობა ჩამოაყალიბოს, შემდეგომ დადგეს იმ რადიკალების გვერდით, რომელიც ითხოვს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წალეკვას, ასეთი ორგანიზაცია თურმე ყოფილა მაღალი ხარისხის, სანდო ორგანიზაცია. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია რომ ეს არის საელჩოს მხრიდან ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

"ქართული ოცნებიდან“ წასული კიდევ ერთი დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხნით ადრე იყო ინფორმირებული, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით, რეაგირება არ მოუხდენია.

"USAID-ის ხელმძღვანელობამ თვე ნახევრით ადრე იცოდა, რომ ეს გაყალბება იყო მომხდარი, მაგრამ ხმას არ იღებდნენ ამაზე და მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი ზეწოლა, არანაირი მოთხოვნა მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, რომ გამოესწორებინათ ეს შეცდომა და ხალხისთვის ეთქვათ სიმართლე. ბუნებრივია, როდესაც იცოდა USAID-მ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ იცოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც და საელჩომ, ასევე ყველა საელჩომ, იმიტომ რომ მათ ამ ინფორმაციას აწვდიდა ქართული ოცნების გუნდი, რომელმაც ეს დარღვევები აღმოაჩინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან არ გაკეთებულა არც ერთი განცხადება რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური," - ამბობს სოზარ სუბარი.

განცხადება გააკეთა"ქართული ოცნებიდან" წასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ასევე ამბობს, რომ საელჩოს ინფორმაცია უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე ეს თავად ISFED-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა. 

"საელჩოს იმაზე ადრე ჰქონდა ინფორმაცია, ვიდრე ეს რეალურად გამოქვეყნდა და შემდეგ უკვე პრაქტიკულად აღიარა თვითონ ISFED-ის ხელმძღვანელობამ და გადადგა კიდეც. მე ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშანი და ეჭვი იმაში, რომ ვინმემ რაიმე არ იცოდა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ამაზე მეტყველებს შემდგომი ფაქტები და სცენარის განვითარების ისტერიული მცდელობა, რომ ქვეყანაში რევოლუციური გზით შეიცვალოს ხელისუფლება. ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ დასავლური ურთიერთობები გვინდა, რეალურად დასავლური და არა მოდიფიცირებული და სახეცვლილი,“ - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები